
თებერვალში მშენებლობა გაძვირდა - რამ იქონია გავლენა მშენებლობის ღირებულების ინდექსზე?
April 7, 2025, 11:13 a.m.
2025 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 4.9%-ით.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის თებერვლით თვის მონაცემებით:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 10.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.3%-ით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.3%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.1%-ით.
თებერვალში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.9%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.6%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 2.82 და 1.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2025 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.4%-იანი ზრდით, რამაც 2.13 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 20.8%-ით.