
რა უფლება-მოვალეობები აქვთ ბინის დამქირავებელსა და გამქირაველებს? - რჩევები ბექა თეზელაშვილისგან
July 22, 2025, 7:07 p.m.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-დან 575 მუხლების საშუალებით რეგულირდება უძრავი ქონების იჯარის (დაქირავების) გარკვეული უფლებები და ვალდებულებები.
დამქირავებლის მთავარ უფლებას ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოადგენს დაქირავებული ნივთით სარგებლობა. ამ უფლების საფუძველზე შეუძლია ყველა სხვა პირს, მათ შორის, აგრეთვე გამქირავებელსაც აუკრძალოს მიქირავებული ნივთით სარგებლობა (გარდა მისთვის კანონით მინიჭებული დათვალიერების უფლებამოსილებისა, რომელიც ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი).
დამქირავებელმა გამქირავებელს უნდა გადაუხადოს შეთანხმებული ქირა, როგორც საპირისპირო შესრულება მიქირავებული ნივთის გამოყენებისათვის. ძირითად შემთხვევებში ქირის გადახდა ხდება ფულით, მაგრამ არსებობს სხვაგვარი ატიპური შემთხვევები, როდესაც მაგალითად დამქირავებელს ეკისრება რემონტის ჩატარება. ქირის ოდენობას და მის გადახდის წესს ადგენენ მხარეები, დასაშვევბია განსაკუთრებით საცხოვრებელი სივრცის მიქირავების შემთხვევაში საბაზისო ქირისა და კომუნალური გადასახადებისათვის თანხის ცალ-ცალკე განსაზღვრა, აგრეთვე მთლიანი ქირის როგორც ერთიანად, ისე პერიოდულად გადახდის შეთანხმება.
ქირავნობის ურთიერთობის დასრულებასთან ერთად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 564 მუხლის შესაბამისად, დამქირავებელი ვალდებულია დაუბრუნოს გამქირავებელს ქირავნობის საგანი. ეს ეხება აგრეთვე თანამიქირავებულ საგნებსაც, მაგალითად რასაც წარმოადგენს გასაღები.
ქირავნობის საგანი უნდა გადაეცეს გამქირავებელს ისეთ მდგომარეობაში, როგორც არის გაწერილი ხელშეკრულებაში. შესაძლებელია ცვეთით გაუარესებულ მდგომარეობაში გადაცემაც თუ ის აკმაყოფილებს ხელშეკრულებით დადგენილ ცვეთის ნორმებს.
ქირავნობის ურთიერთობის დასრულების შემდეგ გამქირავებელმა უნდა დაუბრუნოს დამქირავებელს ქირის თანხა, რომელიც ამ უკანასკნელმა გადაიხადა წინასწარ, დროის იმ მონაკვეთისათვის, რომლის განმავლობაშიც ქირავნობის ურთიერთობა აღარ გაგრძელდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამ ზედმეტად გადახდილი ქირის უკან დაბრუნების რაიმე სპეციალურ მოთხოვნას არ ითვალისწინებს ქირავნობის სამართალში, ამიტომაც ეს მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლიდან წარმოსდგეს. ქირავნობის მიმდინარეობისას დასაშვებია (ხელშეკრულებით) დამქირავებლის ცვლილება, მაგალითად, დამქირავებელს, მომდენო დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის სამმხრივი ხელშეკრულების დადებით ან დამქირავებელსა და მომდევნო დამქირავებელს შორის შეთანხმებით, რომელზედაც თანხმობას აცხადებს გამქირავებელი.
ავტორი: ბექა თეზელაშვილი - იურისტი
(R)