CER - construction equipment rent
← უკან დაბრუნება
მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილება, თავიდან აირიდოს გარკვეული ტრაგედიები - უჩა ზაქაშვილი

მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილება, თავიდან აირიდოს გარკვეული ტრაგედიები - უჩა ზაქაშვილი

July 15, 2025, 3:42 p.m.

სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, რაც შესაძლებლობას აძლევს, თავიდან აირიდოს გარკვეული ტრაგედიები. მან ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, სადაც არსებული კანონმდებლობა შეაფასა.

14 ივლისს, საღამოს თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილის ჩამოშლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 1. როგორც ადგილზე მისულმა თბილისის მერმათქვა, ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ კორპუსი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, მათ მერიამ შესთავაზა, ჩანაცვლების პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, რასაც მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა სჭირდება.

არსებული მონაცემებით,თბილისში, დაახლოებით, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობაა. კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლებას მცხოვრებლებისათვის ან იმავე მიწაზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ახალ შენობა ნაგებობაში ან მიმდებარედ არსებულ ფართებში უზრუნველყოფს. კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ ფართსაც რაც მოქალაქეს უნდა გადაეცეს და გაწერილია, რომ ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელია შენობა III, IV ან V კატეგორიას მიეკუთვნებოდეს. ავარიული სახლების ჩანაცვლებისას 100%-იანი თანხმობა იმ შემთხვევაში არ არის საჭირო, თუ ახალი კორპუსი აშენდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე. რაც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს, 56-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ უძრავი ქონება ავარიულია, გამაგრებას არ ექვემდებარება, და მისი არსებობა ადამიანის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლესუქმნისსაფრთხეს, მის დემონტაჟს მესაკუთრის თანხმობა არ სჭირდება.კოდექსის 137-ე მუხლში გაწერილია, პასუხისმგებლობის საკითხიც. თუ ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე ინფორმირებულია, რომ შენობა საფრთხის შემქმნელია, მაშინ ვალდებულია მაქსიმუმ 10 დღეში მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს აცნობოს და მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართოს და ნებართვსი მიღებსი შემდეგ დემონტაჟი დაიწყოს. თუ კანონით გაწერილი ეს პროცესი არ შესრულდა ჯარიმა 5000 ლარია.

უჩა ზაქაშვილი აღნიშნავს, რომ177-ე მუხლი, ანუ ჯარიმა რეალურად არ არის ქმედითი ბერკეტი და უფრო მეტად სადამსჯელო მექანიზმია იმ მესაკუთრეებისთვის, ვინც არ იძლევა თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაზე.თუმცა, მისივე თქმით, პრობლემას აგვარებს კოდექსმა 56-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი, რაც საგზაო რუკაა საკუთრების უფლებასთან შეხების დროს - როგორ შეგვიძლია სამართლიანი კომპენსაციის გზით შევზღუდოთ საკუთრების უფლება და გადავარჩინოთ სიცოცხლე.

"თბილისის და ცენტრალური კანონმდებლობა არ ასახავს ერთმანეთს, წინააღმდეგობაშია. თბილისისთვის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესი იმ შემთხვევაში არ ითვალისწინებს 100%-იან თანხმობას, თუ ჩანაცვლება სხვა ადგილას ხდება, ანუ სხვა ადგილას ხდება შენობის აშენება. თუმცა კოდექსი, ანუ უფრო მაღალი იერარქიის დოკუმენტი, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია ნებისმიერი მუნიციპალიტეტისთვის, კერძოდ56-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში ითვალისწინებს განსაკუთრებულ რეაგირებას, რაც ნიშნავს დემონტაჟს მესაკუთრის თანხმობის გარეშე, თუმცა ცხადია ამ მესაკუთრეების სამართლიანი კომპენსაციის პირობებში.ოღონდ56-ე მუხლზე რომ ვლაპარაკობთ, ეს ასე ავტომატურად არ მოქმედებს.56-ე მუხლი ითვალისწინებს ქალაქმშენებლობითი ღონისძიების დაწყებას, რომელი გადაწყვეტილებას უნდა მიიღოს მუნიციპალიტეტმა. ანუ მუნიციპალიტეტი როცა ხედავს, რომ არის ავარიული ფონდი, საჭიროა მისი ჩანაცვლება, ვალდებულია და უფლებამოსილია, რომ ამ მუხლის შესაბამისი ღონისძიებები დაიწყოს და იმ არეალში, რომელსაც თვითონ შემოხაზავს.

თბილისს აქვს ნამდვილად ბევრი რეგულაცია მიღებული ავარიული ფონდის ჩასანაცვლებლად, არის გაწეული გარკვეული შრომა, თუმცა 56-ე მუხლი ცოტა სხვა რეგულაციას გვთავაზობს. ეს შესწავლის, გამოკვლევის, პრობლემების იდენტიფიცირების ფონზე ადგენს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას, რომ თავად დაიწყოს ეს ღონისძიებები. მათ შორის იგულისხმება, რომ შეიძლება იყოს მოქალაქეთა განცხადებები, რაღაც ანგარიშები, სხვადასხვა საექსპერტო კვლევები, ანუ არ ზღუდავს კოდექსის ეს ნორმა, თუ როგორ უნდა დაიწყოს. აქ წინაპირობები უკავშირდება როგორც ავარიული ფონდის ჩანაცვლებას, ასევე იერსახის გაუმჯობესებას, ანუ ყველა ფაქტორს მოიცავს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, არის თუ არა მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელი,მუნიციპალიტეტი იმაზეა პასუხისმგებელი, რომ უნდა გამოყოს ასეთი არეალები, რადგან აქვს ასეთი კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, რაც შესაძლებლობას აძლევს, რომ თავიდან აირიდოს გარკვეული ტრაგედიები.

გააზრებული სამუშაო უნდა იყოს და ერთ ქვეყანაში არ უნდა გვქონდეს ხუთი სამშენებლო სამართალი, ანუ ყველა ქალაქში სხვადასხვა სამშენებლო სამართალი არ უნდა მოქმედებდეს. აი ესაა ჩემი აზრით ნომერ პირველი პრობლემა, რაც სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. თბილისში სხვა კანონები და ვთქვათ კასპში სხვა კანონი არ უნდა გვქონდეს. ყველგან ერთი და იგივე რეგულაცია უნდა მოქმედებდეს",- ამბობს უჩა ზაქაშვილი.

← უკან დაბრუნება