
მერიამ 2 წელიწადში ექსპლუატაციაში 910 კორპუსი მიიღო, რომლებსაც დარღვევების გამო არ იბარებდა - გოგი ჩიქოვანი
Aug. 6, 2025, 6:14 p.m.
თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში, დროებითი წესის ფარგლებში, ექსპლუატაციაში მიიღო 900-ზე მეტი კორპუსი, რომლებსაც მანამდე, სხვადასხვა არქიტექტორული დარღვევების გამო, არ იბარებდა - ამის შესახებ მედიასთან თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა ისაუბრა.
"როგორც მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში არსებობდა პრობლემა გარკვეული არქიტექტურული დარღვევების გამო, ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. ამ პრობლემის გადასაჭრელად, თბილისის მერიის ინიციატივით შემუშავებული იქნა დროებითი წესი, რომლის ფარგლებში 2023 წლის 27 ივლისამდე ხდებოდა განაცხადების მიღება, რომ მსგავსი ობიექტები შესულიყო ექსპლუატაციაში და ის პრობლემები, რაც აწუხებდათ მოქალაქეებს, მესაკუთრეებს, რაც დაკავშირებული იყო, რომ მათ ქონებას სამართლებრივად დასრულებული სტატუსი არ ჰქონდა, ასევე ვერ ხდებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის რეგისტრაცია, ეს ცალკეული საკითხები მოწესრიგებულიყო და მათ ესარგებლათ მუნიციპალური პროგრამების სიკეთეებით.
ჩვენ ამ დროებითი წესის ფარგლებში 910 სამშენებლო ობიექტი უკვე მივიღეთ ექსპლუატაციაში. განხილვის ეტაპზეა 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი და ამჟამად დაგვევალა, რომ დაინტერესებულ პირებთან მაქსიმალური კომუნიკაციით ხელი შევუწყოთ აღნიშნული მრავალბინიანი კორპუსების ექსპლუატაციაში მიღებას ცალკეული ღონისძიების გატარების გზით.
მინდა აღვნიშნო, რომ მშენებლობის ხარისხის კონტროლის და გაძლიერების კუთხით, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მერიის მხრიდან, დაინერგა სამშენებლო ეტაპების კონტროლის მექანიზმი. აგრეთვე გამკაცრდა კანონმდებლობა იმ შემთხვევებზე, როდესაც სამშენებლო კომპანიების მხრიდან არ ხდებოდა დროულად მომართვა ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებითაც გავამკაცრებთ ჩვენ მონიტორინგს იმ კომპანიების მიმართ, ვინც სრულად და ჯეროვნად არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ამით გარკვეულ პრობლემებს უქმნიან იმ მესაკუთრეებს, რომლებიც ცხოვრობენ არასრულ კორპუსებში", - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.
კითხვაზე, რის საფუძველზე მიიღო დედაქალაქის მერიამ აღნიშნული კორპუსები ექსპლუატაციაში, ჩიქოვანმა განმარტა, რომ დროებითი წესი კონკრეტული დოკუმენტაციისა და დასკვნის ანგარიშების წარდგენას ითვალისწინებდა.
"დროებითი წესი ითვალისწინებდა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის შესაბამისად განისაზღვრა ცალკეული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, მათ შორის მთავარი საკითხი იყო მდგრადობის შესახებ საექსპერტო დასკვნა, რომლის საფუძველზეც ხდებოდა აღნიშნული შენობების ექსპლუატაციაში მიღება და როგორც აღინიშნა, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული საექსპერტო ბიუროების დადებითი დასკვნების საფუძველზე და ასევე სხვა ცალკეული დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ მოხდა აღნიშნული შენობების ექსპლუატაციაში მიღება.
და სწორედ ამიტომ ამ 230-მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმართაც მიმართ, რომლებიც ერთ ამ ეტაპზე განხილვის რეჟიმშია, წარმოსადგენია გარკვეული დოკუმენტაცია. ხშირ შემთხვევაში აქ საუბარია მოსახლეობაზე, რომლებიც დაზარალდნენ არაკეთილსინდისიერი კომპანიების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და სწორედ ამ მოქალაქეებს უნდა შევუწყოთ ხელი", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება და დროულად არ მიმართეს მუნიციპალიტეტის მერიას შენობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტიპის სადამსჯელო ბერკეტი მოქმედებს:"ჩვენ გვაქვს ბევრი ზომა, მათ შორის არის რა თქმა უნდა ფინანსური სანქციები და ასევე სხვადასხვა ტიპის ბერკეტები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. კომუნიკაციების შეზღუდვა და სხვა ტიპის მექანიზმები არსებობს, რაც ასევე კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და ყველა ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყებთ მუშაობას და მონიტორინგს, რომ ეს საკითხები დროულად მოგვარდეს".