
„კოტეჯებში ტურისტების მიღებას ძალიან მალე შევძლებთ“– როგორ ვითარდება„ოტიას მარანი?“
June 29, 2025, 12:13 p.m.
აგროტურისტული ობიექტი „ოტიას ეზოში“ კოტეჯების მოწყობის სამუშაოები სრულდება. როგორც მისმა დამფუძნებელმა ოტია იოსელიანმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, ტერიტორია სტუმრების დარჩენისთვის მზად უახლოეს პერიოდში იქნება.
გარდა ამისა იგეგმება ლუდსახარშის გაფართოებაც.
„გვაქვს ღვინის მარანი, ვწურავთ ტრადიციული წესით ღვინოებს, რომელსაც აგემოვნებენ სტუმრები, ასევე 6 წელია ვაწარმოებთ კრაფტს ლუდს ,რომლის დეგუსტაცია მიმდინარეობს.
ამას გარდა, ეზოს უკანა მხარეს გვაქვს "მშვიდი ზონა," სადაც დავასრულეთ ორი მცირე ზომის კოტეჯის მშენებლობა, რომელიც მზად ძალიან მალე იქნება და უმასპინძლებს სტუმრებს. კოტეჯების გარდა, ასევე ვგეგმავთ ლუდსახარშის გაფართოებასაც, რადგან მოთხოვნა დიდია და ვერ ვპასუხობთ. ვნახოთ როგორ და როდის მოვახერხებთ, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველა ვარიანტში ვრჩებით ამ ქალაქში.“ - განაცხადა ოტია იოსელიანმა.
BMG-თან საუბრისას მან კურორტის განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ბიოროკრატია და ცენტრალიზებული მართვაა. მისი თქმით, ხშირად გაჭიანურებული პროცესების გამო ბიზნესი პროექტების განხორციელებაზე უარს აცხადებს.