
დღეს არ არის რთული აშენო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბიუროკრატია გაიზარდა - "არსის" გენდირექტორი
May 17, 2025, 12:30 a.m.
"არსის" გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის განცხადებით, დღეს მარტივია აშენო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთი რეგულაციაა მიღებული სამშენებლო სექტორში. ამის შესახებ მან გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
"დღეს არ არის რთული აშენო, შეიძლება ბოლო პერიოდში ბიუროკრატია გაზრდილია ჩვენს სფეროში და ბევრი რეგულაცია განხორციელდა, თუმცა, არ არის რთული. თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი შენდება. ნებართვებს თუ გადავხედავთ, კიდევ უფრო მეტია, რაც შემდგომში უნდა აშენდეს. მე მახსოვს რა ხდებოდა ამ სფეროში 20 წლის წინ, მაგალითად, ადამიანები არჩევდნენ კომპანიას, ვინც ნამდვილად აუშენებდა. დღეს ვხედავთ, რომ უამრავი კომპანიაა, რომელიც ხარისხს და სხვადასხვა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს. თუმცა განვითარება და გასაუმჯობესებელი ძალიან ბევრი გვაქვს და ამაზე ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ მივუახლოვდეთ იმ ქვეყნებს, ვისაც ნამდვილად უნდა დავუახლოვდეთ", - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.
მისივე თქმით, ბიუროკრატიის ზრდას იწვევს ის რეგულაციები, რაც ბოლო წლებში განხორციელდა. თუმცა როგორც ის ამბობს, ვერ ვიტყვით, რომ სექტორი ამას ეწინააღმდეგება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ყველაფერს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.
"ასოცირების ხელშეკრულებით რა ვალდებულებაც გვქონდა, ის ხორციელდება ჩვენს სფეროშიც. მაგალითად, წლების წინ ჩვენ არ გვქონდა ვალდებულება გაგვეთვალისწინებინა სახანძრო სისტემები ან შშმ პირებისთვის შენობასა და მის გარეთ ადაპტირებული სივრცეები, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ხორციელდება და იწვევს ბიუროკრატიის ზრდას. ადრე თუ იყო, რომ ერთი სამსახური გასცემდა თანხმობას, დღეს უამრავი სამსახურის თანხმობა გჭირდება, რომ ნებართვა მიიღო", - განმარტა მან გადაცემა "ანალიტიკაში".
მისივე თქმით, ვერ ვიტყვით, რომ ამან ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპი გააქრო, თუმცა დამატებითმა ვალდებულებებმა წარმოქმნა დამატებითი ბიუროკრატიაც. ამასთან, ორთოიძის თქმით, რეგულაციებმა ბევრი რამ გამოასწორა, მაგრამ ჯერ კიდევ არის მოსაგვარებელი საკითხები.
"ბოლო ორი წელია არაფერი ისეთი სიახლე არ შემოსულა და რაც მივიღეთ, ის პრაქტიკაში უკვე გამოიყენება. უბრალოდ არის კიდევ საკითხები, მაგალითად სახანძრო სისტემა, დღეს კი ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი პირი, როგორც საერთო საკუთრების, იგივე ლიფტების შემთხვევაში, თუმცა მისი ადმინისტრირება ნაკლებად ხდება და როგორც წესი, სახელმწიფო უწყებებისთვის პრიორიტეტია, სახლის ექსპლუატაცაში მიღების მომენტში, რა მდგომარეობაშია ესა თუ ის ინფრასტრუქტურა. შემდგომი მოვლა/პატრონობა კი საკმაოდ რთულია და ბევრ პრობლემას ვეჯახებით ამ კუთხით. ამაზეც დაწყებულია მუშაობა რომ რაღაცნაირად ეს ნაწილიც მოწესრიგდეს და დარეგულირდეს", - განაცხადა მან.