
„დეველოპერებს მოუწიათ შიდა განვადებების დაწყება, მარკეტინგული დანახარჯების გაზრდა“ - რა ვითარებაა სექტორში?
July 5, 2025, 5:45 p.m.
2025 წლის 5 თვეში თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციები ახალ პროექტებში 3%-იან, ძველ პროექტებში კი 21%-იან კლებას აჩვენებს. „კოლიერს ჯორჯიას“ განახლებული მონაცემების მიხედვით, ოთხ თვიანი კლების შემდეგ ბაზარი მაისში პირველად გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,437 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის მაისთან შედარებით 7.2%-იან ზრდას ნიშნავდა. 21%-ით, 261 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა ბაზრის ზომა.
რაც შეეხება ფასებს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა გარეუბანში, ფართო ცენტრში 8.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 6%-ით მოიმატა. მოთხოვნის შესუსტების მიუხედავად ფასები გაიზარდა ძველ ბინებზეც. ქალაქის ცენტრში ზრდა 9.5% იყო, ფართო ცენტრში - 1.4%, ხოლო გარეუბანში 3.8%
გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებიც. კომპანიების ნაწილის თქმით, კლებაა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდანაც. „იბერკომპანიში“ აცხადებენ, რომ წლის დასაწყისში არსებული გეგმების შემცირების ხარჯზე, დღეს გაყიდვები სამიზნე ნიშნულზეა, თუმცა კომპანიის დირექტორი, ლევან დიასამიძე განმარტავს, რომ ამ შედეგზე გასვლისთვის მათ შიდა პროდუქტების შექმნა, რისკების საკუთარ თავზე გადატანა და მარკეტინგული ბიუჯეტის ზრდა მოუწიათ.
რაც შეეხება ფასების მხრივ არსებულ მოლოდინებს, კომპანიაში ამბობენ, რომ მომხმარებელი ფასის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევა, რასაც სექტორი სხვადასხვა ტიპის შეთავაზებით პასუხობს.
„ბიზნესი დღეს გრძნობს გაძლიერებულ კონკურენციას. იმ ფონზე, როდესაც ბანკები დაკრედიტების კუთხით შენელებულები არიან, რიგ შემთხვევებში კი კორპორაციული მიმართულებით გაჩერებულებიც კი, დეველოპერებს მოუწიათ რისკების საკუთარ თავზე გადატანა, შიდა განვადებების დაწყება, მარკეტინგული დანახარჯების გაზრდა. ამან მოგვიტანა ის შედეგი, რომ გაყიდვები გარკვეულწილად შევინარჩუნეთ.
ამ ეტაპზე ნორმალურად მივდივართ, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ დეველოპერები მეტ რესურსს ხარჯავენ იმ ციფრებამდე მისასვლელად, რასაც ადრე სხვაგვარადაც ახერხებდნენ. როცა წელი იგეგმება გვაქვს ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარი, წლის დასაწყისში გარკვეული გადაწყობა მოგვიწია, სხვაგვარად ვერ იქნებოდა, მივყვებით გადაგეგმილს, რაც ოპტიმისტურთან შედარებით ნაკლებია.
მომხმარებლის ნაწილში რასაც ვხედავთ არის ის, რომ ის გახდა ფასისადმი უფრო მგრძნობიარე, მცირედი აქციაც კი ამაზე მეტყველებს. თუ ადრე უფრო ლოკაცია, პროექტის შინაარსი იყო მთავარი, დღეს უფრო ფასზე ორიენტირებულია. უცხოელ ინვესტორებს რაც შეეხებათ, ისინი ვინც მოგების მიღების მიზნით ყიდულობდნენ თბილისში ბინებს, მათი წილი მცირედით შემცირებულია.
ბიზნესს მოდელი ფასის კლებას ბინებზე ვერ აიტანს, რადგან ფასები სექტორში ქვემოთ არ მოდის, პირიქით, ისევ იზრდება თვითღირებულება, ამიტომ მოლოდინი ფასის შემცირების არ გვაქვს. ვფიქრობ ამ ნიშნულზე დარჩება, 5%-იანი მერყეობით, ესეც გამძაფრებული კონკურენციის ფონზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან რთულია რაიმე კონკრეტული თქვა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ რაშიც ახლა ვიმყოფებით იმის გათვალისწინებით, ბაზრის განვითარება პოზიტიურია“,- განაცხადა ლევან დიასამიძემ.