
ადრე თუ 1 კვ.მ მიწას $1-ად იყიდდით, ახლა ფასი $10-15-მდეა გაზრდილი - "ბინარეას" დამფუძნებელი
May 3, 2025, 1:15 p.m.
თუ 5-6 წლის წინ სადმე 1 კვ.მ მიწას 1 დოლარად იყიდდით, დღეს იგივე ნაკვეთები 10-15 დოლარი ღირს. ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ „ბინარეას“ დამფუძნებელმა, ირმა ელბაქიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიწებზე ფასების საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება.
როგორც ირმა ელბაქიძემ აღნიშნა, ანალოგიური სიტუაციაა თბილისის შემოგარენშიც, სადაც ადრე ფასი 1 კვ.მ-ზე 5-10 დოლარი იყო, დღეს კი 40-50 დოლარი ღირს. ამასთან, მისივე თქმით, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილთან ფასები 350 დოლარიდან იწყება და შეიძლება 1500 დოლარამდეც ავიდეს.
“ფასების ასეთი ზრდის ერთ-ერთი პირველი მიზეზი არის ის, რომ მიწის მწირი ფონდი გვაქვს. მოთხოვნა როცა იზრდება, ფასიც იზრდება. სამწუხაროდ, ფასი როცა ასე იზრდება და მოსახლეობა მაღალანაზღაურებადი არ გვყავს, ქვეყნის მოსახლეობას უჭირს მაღალფასიანი პროდუქტის შეძენა“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება მოთხოვნად ადგილებს, ირმა ელბაქიძის თქმით, „ბინარეას“ დაკვირვებით, მოთხოვნა თბილისიდან რუსთავისკენ გასასვლელ ტერიტორიებზე გაიზარდა, რაცEMAAR-ის დაანონსებულმა პროექტმაგანაპირობა.
„ჩვენი კომპანიის მოთხოვნების ტენდენციას თუ გადავავლებთ თვალს, თბილისიდან რუსთავის მხარის გასასვლელისკენ არის დიდი მოთხოვნა. ასევე, მოთხოვნა გაჩნდა იმ მხარეს, სადაც ახალი სავაჭრო ობიექტი გაიხსნება, ეს არის გარდაბნის მხარეს. კომერციული დანიშნულების მოთხოვნაა ძირითად შემთხვევაში. ფასებიც ძალიან გაზრდილია. ამასთან, თუ ადრე საგურამოში დიდი მოთხოვნა გვქონდა, ახლა იქ მოთხოვნა აღარ არის“, - განმარტა „ბინარეას“ დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო გააქტიურდება რუსთავისკენ და ფონიჭალის ზედა მხარეს, ასევე ლილოს მხარეს, რაც ქალაქის მასშტაბებსაც გაზრდის.